ვალუტის კურსი  

ამინდის პროგნოზი  

ლოკალური დრო  

განცხადება  

ძიება  

არქივი  

აბა, ტაქსი, ,,იაფად''!!!

აბა, ტაქსი, ,,იაფად''!!!

PDFბეჭდვაელფოსტა

ავტორი: ანი კირკიტაძე

ზაფხული აჭარაში დამსვენებლებისა და ტურისტების სიმრავლესთანაც ასოცირდება... მატარებლით თუ მიკროავტობუსით ბათუმში ჩამოსულ სტუმარს პირველები ტაქსის მძღოლები ეგებებიან და მომსახურებას სთავაზობენ. ბევრი მათგანი მართლაც პატიოსნად იღებს გასამრჯელოს და თავისი ქმედებით სტუმარზე პირველ დადებით შთაბეჭდილებასაც სწორედ ის ტოვებს. თუმცა... მოდით, ჯერ ჩემი ამბით დავიწყებ.
ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოდან ახლობლებმა ხილი გამომიგზავნეს. დილიდანვე დამირეკეს, ესა და ეს ნომერი მიკროავტობუსი ამა და ამ საათზე ძველი ,,უნივერმაღის'' მოპირდაპირე მხარეს გაჩერდება და მოიკითხეო.
რა თქმა უნდა, წავედი და თანაც ცოტა ადრე, რომ რაიმე გაუგებრობისგან თავი დამეცვა... მოკლედ, ჩემმა ,,მარშრუტკამ'' კარგა გვარიანად დააგვიანა, მე კი ამასობაში იმდენი უსიამოვნო ისტორიის მოწმე გავხდი, რომ ვინანე კიდეც, იქ რომ ადრიანად მივედი. თუმცა, მოგვიანებით რომ დავფიქრდი, მივხვდი, ამაზე აუცილებლად უნდა დამეწერა, რათა მსგავსი ფაქტებით ბათუმსა და ბათუმელებს თავიანთი საქციელით სახელი არ შეულახოს ფულის გამო ყველაფრის მკადრებელმა ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ...
მოკლედ, ჩემს წინ მორიგი მიკროავტობუსი გაჩერდა და იქიდან ჩამოსულ მგზავრებს ტაქსისტები შეეგებნენ: ,,აბა, ტაქსი, იაფად''!!!
ორმა ასაკოვანმა ქალბატონმა, მგზავრთა შორის რომ იყვნენ, მძღოლებს ჰკითხეს: ,,ახმეტელის ქუჩაზე, თეატრთან, თორმეტსართულიან სახლთან რამდენად მიგვიყვანთო''?
- ათ ლარად, ქალბატონო, - უპასუხა ერთ-ერთმა.
- რა ამბავია!!! - ვერ მოვითმინე და ვიყვირე...
გაბრაზებულმა კაცმა გამომხედა და მზად იყო მე დამტაკებოდა - სახეზე ეწერა: ,,ვინაა ეს არამკითხეო''...გაგულისებულმა ესეც არ ვიკმარე და გავაგრძელე:
- ქალბატონო, ორი ფეხის ნაბიჯზეა, აქედანაც ჩანს ეგ კორპუსები, ბარგი არ გაქვთ და თუ ფეხით გავლა გეზარებათ ამ სიცხეში, აგერ ,,ყვითელი'' ავტობუსები დადის ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში და მიხვალთ თეატრთან-მეთქი...
სიცხისაგან გაწითლებული ტაქსისტი ახლა სიბრაზისგან გალურჯდა, ალბათ, მზად იყო გაველახე და ჩემი შემართება რომ დაინახა, თავის მართლებას მოჰყვა: ,,რა ვქნათ, ქალბატონო, ქუჩებია გადათხრილი, ,,კრუგების'' დარტყმა გვიწევს და ბენზინი მეტი გვეხარჯებაო''... უსუსური არგუმენტით რომ ვერაფერს გახდა, გაგვშორდა.
იმ ქალბატონებმა დამიჯერეს, ავტობუსში ჩასხდნენ და წასვლამდე უღრმესი მადლობებიც გადამიხადეს: ,,თქვენ რომ არ შეგხვედროდით, ეს კაცი გაგვყვლეფდა, რა არის, ღმერთის არ ეშინიაო''...და ა.შ.
მოკლედ, ეს ამბავი, შეიძლებოდა დამვიწყებოდა, რომ არა კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა:
იმ დღეს აკვაპარკთან მომავალ სტუმარ გოგონას ტაქსმა ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოდან შორი გზები მოატარა იმ მიზეზით, რომ ქუჩები გადათხრილია და სწორი გზით ვერ დავდივართო და მერე ათი ლარი გამოართვა...
ესეც არაფერი - მახინჯაურის რკინიგზის სადგურიდან ბათუმის ნებისმიერ უბნამდე, ზოგიერთმა ტაქსისტმა, რატომღაც 20 ლარი დააწესა მგზავრობის საფასური, ამას იმ თანხასაც თუ დავუმატებთ, რომელსაც ზოგიერთი მათგანი ბინის გამქირავებლებისაგან იღებს (და ეს ერთი დღის თანხაა, მიყვანილი დამსვენებლებისა და საწოლების რაოდენობის შესაბამისად)... მოკლედ, აღარ მინდა ჟურნალისტობა, სიამოვნებით ვიმუშავებდი ტაქსზე, მანქანა რომ მყავდეს. თუმც ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
უბრალოდ, საწყენი და სამარცხვინოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი თანაქალაქელი ზოგიერთი მძღოლის ასეთი საქციელი - ეს ადამიანების ძარცვას უფრო ჰგავს, არადა, სტუმარი ჯერ არ შემოსულა ბათუმში და...
- რა ამბავია, რა ძვირია ტაქსი ბათუმში. 20 ლარად მთელ თბილისს ასჯერ შემოგატარებენ, აქ კი მახინჯაურიდან ქალაქის შემოსასვლელამდეც რომ მოხვიდე, მაინც 20 ლარს გართმევენ. საერთოდ, თვითონ ქალაქშიც რომ იმოძრაო, მაინც ძვირია, მხოლოდ ,,ტაქსი გამოძახებით'' არ იღებს ზედმეტს, კიდევ კარგი, რომ ეს სერვისი კარგად მუშაობს, - მითხრა თბილისელმა მარინე კაპანაძემ და მისი ნათქვამი სხვებმაც დაადასტურეს.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ სულ რაღაც ერთ საათში ტაქსის სიძვირით აღშფოთებული იმდენი დამსვენებელი, ზოგი უცხო, ზოგიც ახლობელი, ვნახეთ, რომ გადავწყვიტე, წერილი მომემზადებინა ამ მეტად აქტუალურ და საჭირო თემაზე.
ვინ აკონტროლებს კერძო ტაქსებს, ან ვის აქვს უფლება ჩაერიოს ამ მხრივ არსებულ ფასთა რეგულირების პროცესში?
- სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილეს ტიტე აროშიძეს:
- ტაქსები, რომლებიც დღეს ბათუმში მოძრაობენ, თავად აწესებენ და თავადვე არეგულირებენ მომსახურების საფასურს. ჩვენ ვერ მოვახერხებთ კერძო მანქანების კონტროლს, სხვათა შორის, მათ არც სახელმწიფოსთან აქვთ რაიმე ურთიერთობა. სამწუხაროდ, სანამ სახელმწიფოს არ ექნება მუნიციპალური ტაქსების პარკი, მანამდე მსგავსი პროცესები გაგრძელდება და მგზავრობის ღირებულებაც თავად მძღოლის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული.
გეთანხმებით, რომ ბათუმში ტაქსით მომსახურება სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით ძვირია. ამიტომაც ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი ე.წ. ,,ტაქსი გამოძახებითაა''. ეს მანქანები ორგანიზებულად მოძრაობენ და თითოეული გავლილი კილომეტრის საფასურიც განსაზღვრული აქვთ. მათი მომსახურება ნებისმიერ ადამიანს გაცილებით იაფი უჯდება და პრეტენზიის შემთხვევაში, მგზავრს შეუძლია იმ კერძო სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდეს, რომელსაც ესა თუ ის მანქანა ეკუთვნის, თანაც მძღოლებს მანქანებშივე აქვთ განთავსებული შესაბამისი ინფორმაციაც, ასე რომ, ამ ტაქსების გამოძახება მსგავს პრობლემებს არ უქმნის მგზავრებს, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ ჩვენთან საუბრისას.
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილის განმარტებით, ჩვენი თანაქალაქელების, ტურისტებისა თუ დამსვენებლების სამსახურშია მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსებიც, რომლებიც ქალაქის ყველა უბანში მოძრაობენ და გაცილებით იაფად ემსახურებიან მგზავრებს.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და ვიტყვით, რომ არჩევანი მართლაც არის, მაგრამ...
თუ ჩემი ნათქვამი ზოგიერთ ტაქსისტს სინდისის ქენჯნას მაინც განაცდევინებს, ჩემი მიზანი მიღწეულია. ისინი მგზავრების თვალში თავიანთი ქალაქის სახეს პირველები ქმნიან და მჯერა, რომ ბათუმელები ისე არ წახდებიან, სტუმარმასპინძლობის სისხლში გამჯდარ ტრადიციას ასე უსინდისოდ უღალატონ.
კი ბატონო, იარეთ ამ ჩვენს ლამაზ ზღვისპირა სამოთხეში და მგზავრებთან ერთად შემოსავალიც გიმრავლოთ ღმერთმა, მაგრამ სახლში მიტანილ თქვენს ნაოფლარს ლოცვაც უნდა მოყვებოდეს თან, იმ ადამიანების ლოცვა, რომლებიც ბათუმს ისევ და ისევ ბათუმელების სიყვარულით სტუმრობენ...