ვალუტის კურსი  

ამინდის პროგნოზი  

ლოკალური დრო  

ფლორა და ფაუნა – ჩვენი დიდი საგანძური

ფლორა და ფაუნა – ჩვენი დიდი საგანძური

PDFბეჭდვაელფოსტა

აჭარა თავისი იშვიათი და უნიკალური ველური ბუნებით, ცოცხალი და არაორგანული ბუნების ძეგლებით ერთ-ერთი ულამაზესი და მრავალმხრივ საინტერესო ადგილია, რაშიც თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ ეწვევით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, რომლის მეორე სართულზე გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა და ორ დღეს გასტანს გამოფენა სახელწოდებით ,,აჭარის ველური ბუნება''. მისი მოწყობის იდეა და პროექტი ბუნების განყოფილების გამგეს ლამარა გულორდავას ეკუთვნის. გამოფენის მიზანია საზოგადოებისთვის ბუნების იშვიათი და ქრობადი სახეობების გაცნობა, ეკოტურიზმის ხელშეწყობა.

როგორც ქალბატონმა ლამარამ გვითხრა, მეცნიერები დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 ,,ცხელ წერტილს'' გამოყოფენ. აჭარა კავკასიის ,,ცხელი წერტილის'' სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

გარემო პირობების ცვალებადობამ ათასწლეულების განმავლობაში მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს ცვლილება გამოიწვია. რიგი სახეობისა შემცირდა, ზოგიც გადაშენდა. მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია შექმნილი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, ბუნებრივი ნაკრძალები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფაუნის 141 და ფლორის 46 სახეობა ,,წითელ წიგნსა'' და ,,წითელ ნუსხაშია'' შეტანილი. არსებობს დაცული ტერიტორიები– კინტრიშისა და ქობულეთის ნაკრძალები, მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის აღკვეთილი და სხვა, სადაც ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ენდემური და რელიქტური სახეობები მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

ყველა ის სახეობა, რომელიც მუზეუმშია გამოფენილი, მსოფლიოს საერთო საგანძურია. აქ თქვენ ნახავთ აჭარაში გავრცელებულ ფლორის უძველეს სახეობებს, რომლებმაც გამყინვარებას გაუძლეს და დღეს ბუნებას ალამაზებენ. ესენია: კოლხური ტყის მშვენება–უთხოვარი, წაბლი, ქიქოძის ტირიფი, მარადმწვანე ქვეტყის მშვენება –შქერიანები, წყავმახა და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარადმწვანე ხვიარა ბუჩქი ეპიგეა. იგი აჭარა-ლაზეთის ენდემია და მსოფლიოში მხოლოდ მთა მტირალაზე ხარობს. ასევე საოცარი და იშვიათი მცენარეებია სფაგნუმის ხავსი, მწერიჭამია დროზერა და სხვა. ცალკე სტენდზე წარმოდგენილია არაორგანული ბუნების ძეგლები – მაღალი მთის ტბები, ქვაკაცას, ქვასვეტის თუ გოდერძის ნამარხი ტყის ფოტოები, ასევე ცხოველთა იშვიათი სახეობა, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ. ასეთებია: ფოცხვერი, კასპიური შურთხი, კავკასიური ხოჭო, მთის არწივი, ყანჩა, აჭარული ხვლიკი, სალამანდრა და სხვა.

გამოფენაზე ნახავთ ასევე მერქნის ნიმუშებს. აღსანიშნავია, რომ 25 მილიონი წლის წინათ გოდერძის ტყის მიდამოებში ტროპიკული ტყე ხარობდა, რომელიც ვულკანის ლავამ დაფარა და გააქვავა, დროთა განმავლობაში ეს ტყე გაკაჟდა და ოპალად გადაიქცა. ეს ტყეც წითელ წიგნშია შეტანილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მუზეუმში 100 წლის წინათ შემოსული ბუნების ექსპონატები, ასევე ნახავთ ჩლიქოსანთა რქებს. ეს კოლექცია 1921 წელს ემიგრაციაში მიმავალ საქართველოს მთავრობას სხვა საგანძურთან ერთად საზღვარგარეთ გაჰქონდა, მაგრამ სიდიდის გამო გემიდან უკან გადმოტვირთეს და ასე შემორჩა მუზეუმს.

გამოფენაზე ბევრ სხვა საინტერესო ექსპონატსაც იხილავთ.